Wikimedia Community User Group Georgia/Bylaws (2019-2023)/ka
ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდება. დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2019 წლის 13 აგვისტოს.
დამტკიცებულია
დამფუძნებელი წევრების ხელმოწერით
2019 წლის 13 აგვისტოს.
წესდება
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“
ქ. თბილისი
2019 წელი
მუხლი 1
[edit]ორგანიზაციის ზოგადი დებულებები
[edit]1.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის სრული სახელწოდება:
ა) ქართულ ენაზე: არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“.
ბ) ინგლისურ ენაზე: Non-entrepreneurial (non-commercial) legal person “Wikimedia Community User Group Georgia”.
გ) შემოკლებული სახელწოდება ინგლისურ ენაზე: „Wikimedia UG Georgia“.
1.3. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ზღვისუბნის დასახლება, მიკრორაიონი XI, კვარტალი I, კორპუსი 7, ბინა N11.
1.4. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:
- მეჰმან იბრაგიმოვი
- მიხეილი ჭაბუკაშვილი
- ჯაბა ლაბაძე
- დავით ასრიაშვილი
- მიხეილ ჩხიკვაძე
1.5. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ელექტრონული ფოსტის მისამართია: kawikimedia@gmail.com.
მუხლი 2
[edit]ორგანიზაციის სამართლებრივი დებულებები
[edit]2.1. ორგანიზაცია იძენს იურიდიული პირის უფლებებს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან.
2.2. თავისი მიზნების მისაღწევად, ორგანიზაციას თავისი სახელით აქვს უფლება, დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს და განახორციელოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, შეასრულოს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და ბრალდებული სასამართლოში.
2.3. ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი ბალანსი და უფლება გახსნას ანგარიშები, მათ შორის სავალუტო ანგარიშები, ბანკებსა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.
2.4. ორგანიზაციას აქვს მრგვალი ბეჭედი, რომელიც შეიცავს სრულ სახელწოდებას ქართულ ენაზე და სახელწოდებას ინგლისურ ენაზე, მის ემბლემასა და ადგილმდებარეობას, აგრეთვე საიდენტიფიკაციო კოდს. ორგანიზაციას აქვს შტამპები, ფორმები თავისი სახელწოდებით, საკუთარი ემბლემით და ვიზუალური იდენტიფიკაციის სხვა საშუალებებით.
2.5. პარტნიორობას აქვს უფლება, შექმნას ფილიალები და გახსნა წარმომადგენლობითი ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.6. ორგანიზაციის ფილიალები და წარმომადგენლობები არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს. ისინი, მხოლოდ იყენებენ პარტნიორობის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და მოქმედებენ პარტნიორობის წესდებით. პარტნიორობის ფილიალებისა და წარმომადგენლობების ქონება აღირიცხება, როგორც ცალკე ისე პარტნიორობის ბალანსზე. ფილიალის და წარმომადგენლობითი ოფისების ხელმძღვანელებს ნიშნავს ორგანიზაციის თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოს თანხმობით, და მოქმედებენ გაცემული უფლებამოსილების საფუძველზე.
2.7. ფილიალები და წარმომადგენლობითი ოფისები განახორციელებს საქმიანობას ორგანიზაციის სახელით. პასუხისმგებლობა მისი ფილიალების და წარმომადგენლობითი ოფისების საქმიანობაზე, ეკისრება ორგანიზაციას.
2.8. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. ასევე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არ აგებს პასუხს საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ვალდებულებებისათვის.
2.9. მიმდინარე წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ორგანიზაციას შეუძლია შექმნას სხვა არაკომერციული ორგანიზაციები და შეუერთდეს ასოციაციებსა და გაერთიანებებში. ორგანიზაციას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საქმიანობაში და ითანამშრომლოს საერთაშორისო და უცხოური საზოგადოებრივ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან.
2.10. სახელმწიფო, საჯარო ან სხვა ორგანიზაციების „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილი ორგანოს, არ არის ნებადართული.
2.11. ორგანიზაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების რეალიზებას.
2.12. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ორგანიზაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას.
მუხლი 3
[edit]ორგანიზაციის მიზნები
[edit]3.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
3.1.1. საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ნებადართული ნებისმიერი სახის ენციკლოპედიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საცნობარო ინფორმაციისა და სხვა ცოდნის შექმნის, დაგროვების (შეგროვება და შენახვა), განვითარების (დახვეწა, სისტემატიზაცია, სტრუქტურიზაცია) და გავრცელების ხელშეწყობა (შემდგომში „ცოდნა“).
3.1.2. ცოდნის ხელშეწყობა და წინ წამოწევა (ინიციაცია და სტიმულირება საზოგადოებრივი ინტერესის ცოდნის მიმართ და ცოდნის შემქნის, განვითარების და გავრცელების, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართ).
3.1.3. ყველა მოქალაქის ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, მათი სოციალური ან სხვა სტატუსის მიუხედავად, ასეთი ხელმისაწვდომობის ორგანიზება.
3.1.4. დახმარება საქართველოს ხალხთა მიერ დაგროვილი ცოდნის ასახვაში საერთაშორისო პროექტებში, ამ ცოდნის შექმნის, დაგროვების, განვითარების და გავრცელების მხრივ.
3.1.5. ხელშეწყობა ცოდნის შექმნაში, დაგროვებაში, განვითარებისა და გავრცელებაში, ასევე ინფორმაციული და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებაში.
3.1.6. დახმარების გაწევა კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის შექმნას, დაგროვებას, განვითარებას და გავრცელებას.
3.2. ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობა წარმოადგენს:
3.2.1. ქველმოქმედების ბაზაზე თანხების შეგროვება, ორგანიზაციი სამუშაოებისა და პროგრამების დასაფინანსებლად.
3.2.2. სხვადასხვა ავტორის ნამუშევრების გავრცელება, პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, ავტორის ნებართვით ან კანონის მიხედვით, შესაბამისი პირობებით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს კანონიერად გაავრცელოს, ავტორისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, ნებისმიერი ავტორის ნამუშევრები, მათ შორის ციფრულ ან ბეჭდვით ფორმაში.
3.2.3. სხვადასხვა ავტორის ნამუშევრებზე უფლებების შეძენის ხელშეწყობა იმ პირობების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პირს ლეგალურად, ავტორისთვის საფასურის გადახდის გარეშე, ეს ნამუშევრები ნებისმიერი გზით, მათ შორის ციფრული ან ბეჭდვითი ფორმით გაავრცელოს.
3.2.4. საზოგადოების ინფორმირება ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, საინფორმაციო ლიტერატურის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სოციალური ქსელებისა და სხვა საჯარო ინფორმაციის წყაროს საშუალებებით.
3.2.5. კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების, ბრიფინგების, ბანაკების, კონკურსების და სხვა ღონისძიებების ჩატარება (ორგანიზება), ასევე სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, სემინარებზე, შეხვედრებზე, ბრიფინგებსა და ფორუმებზე ორგანიზაციის წარმომადგენლების (ორგანიზაციის წევრებისა და სხვა პირების) მონაწილეობის ორგანიზება (ხელშეწყობა).
3.2.6. ცოდნის შექმნის, შეგროვების, განვითარებისა და გავრცელებისათვის ინტერნეტისა და სხვა სატელეკომუნიკაციო სისტემების საშუალებით, ხელმისაწვდომი საქმიანობების უზრუნველყოფა.
3.2.7. თანამშრომლობა და ურთიერთდახმარების კოორდინირება სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის უცხოურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ ამ ორგანიზაციის მსგავსი მიზნები და შეხედულებები.
3.2.8. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ფოტოგრაფიული და სხვა პროდუქტების წარმოებისა და გავრცელების ხელშეწყობა, ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად.
3.2.9. საკუთარი პროგრამების შემუშავების გზით ცოდნის შემქმნელთა და მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა, აგრეთვე, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ ორგანიზაციის წევრების ინტერესების წარმოდგენა.
3.2.10. წინადადებების, შეთავაზებებისა და ინიციატივების წარდგენა სახელმწიფო და სხვა ორგანოებში, რათა მათ გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა ამ ორგანიზაციის მიზნებსა და მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებში.
3.2.11. მიმართვა სახელმწიფო და სხვა ორგანოებში და უშუალოდ ოფიციალური პირებისთვის, განცხადებებით, წინადადებებით და საჩივრებით, მათი ინფორმირების მიზნით, ორგანიზაციის და მისი წევრების საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ან ამგვარი დარღვევის წინაპირობის არსებობის შემთხვევაში.
3.2.12. ორგანიზაციის წევრებისთვის და ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული სხვა პირებისთვის, სოციალური და სხვა დახმარებას აღმოჩენა, მათი საქმიანობის განხორციელებისთვის.
3.3. ორგანიზაცია თავისი მიზნების მისაღწევად, უფლებამოსილია განახორციელოს სხვა სახის ღონისძიებები და სხვა სახის საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობით და შესაბამისობაშია ორგანიზაციის მიზნებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ წესდების 3.1 მუხლში.
მუხლი 4
[edit]ორგანიზაციის ქონება
[edit]4.1. ორგანიზაციის ქონება იქმნება:
4.1.1. წევრთა (მათ შორის დამფუძნებლების) მიერ რეგულარული საწევრო შენატანებით.
4.1.2. ნებაყოფლობითი შემოწირულობებით.
4.1.3. ადგილობრივი, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებით.
4.1.4. შემოსავალით ორგანიზაციის ქონებიდან.
4.1.5. დამხმარე სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებისაგან.
4.1.6. შემოსავალით საქონლის, სამუშაოს, მომსახურების გაყიდვიდან.
4.1.7. სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.
4.2. ორგანიზაცია იყენებს, იძენს ან ქირაობს ქონებას სათანადო საქმიანობის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.
4.3. ორგანიზაციას ეკუთვნის ქონება, ფულადი სახსრები და სხვა სახის ქონებრივი სახსრები, რომელიც გადაეცა მას ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ, როგორც საჩუქარი, შემოწირულობა, მემკვიდრეობა ან სხვა საშუალებებით.
4.4. ორგანიზაციას შეუძლია ჰქონდეს საკუთრებაში შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, ინვენტარი, ლარი და უცხოური ვალუტა, ფასიანი ქაღალდები, სხვა ქონება, ფიქსირებული აქტივები და საბრუნავი კაპიტალი, რომლის ღირებულება აისახება ორგანიზაციის დამოუკიდებელ ბალანსზე.
4.5. ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.
მუხლი 5
[edit]წევრობა, წევრთა უფლებები და მოვალეობები
[edit]5.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე და/ან იურიდიული პირი, ისევე როგორც უცხო ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქე და/ან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში კანონიერად ცხოვრობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს საქართველოს კანონები.
5.2. ორგანიზაციის წევრები არიან დამფუძნებლები, ასევე ორგანიზაციაში გაწევრიანებული სხვა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და/ან იურიდიული პირები, ისევე როგორც უცხო ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები და/ან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვანი პირები, რომლებიც საქართველოში კანონიერად ცხოვრობენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს საქართველოს კანონები, რომლებიც სრულიად იზიარებენ ამ წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
5.3. ორგანიზაციის ყველა წევრს, მათ შორის დამფუძნებლებს, აქვთ თანაბარი უფლებები და მოვალეობები.
5.4. ამ წესდებაში განსაზღვრულია ორგანიზაციის წევრების მიღებისა და გასვლის (გარიცხვის) პროცედურა.
5.5. ორგანიზაცია ღიაა ახალი წევრებისთვის.
5.6. ორგანიზაციის წევრები შეიძლება იყვნენ ის პირები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს, მზად არიან ორგანიზაციის ფარგლებში აქტიურად იმუშაონ და აღიარონ მისი წესდება.
5.7. ორგანიზაციის ახალი წევრის მიღება სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ხდება, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელიც განმცხადებელს წარმოადგენს განაცხადის წარდგენის თარიღიდან სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე.
5.8. ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღება ხდება სამეურვეო საბჭოს წევრთა სრული რაოდენობის უმრავლესობის (50%+1) ხმით.
5.9. ორგანიზაციის წევრობა არ შეიძლება გასხვისებული იყოს მესამე პირებისათვის.
5.10. ორგანიზაციის წევრობიდან გასვლა ხორციელდება წერილობითი განცხადების წარდგენით, ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე.
5.11. წევრის მიერ ორგანიზაციისთვის ნებაყოფლობით გადაცემული ქონება, მათ შორის ფულადი ქონება და საწევრო გადასახადი, წევრის მიერ ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში მას უკან არ უბრუნდება.
5.12. ორგანიზაციიდან განმცხადებლის გასვლის გადაწყვეტილება მტკიცდება სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე.
5.13. ორგანიზაციიდან წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭო წევრთა სრული რაოდენობის უმრავლესობის (50%+1) ხმით.
5.14. ორგანიზაციიდან წევრის გარიცხვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
5.14.1. თუ ორგანიზაციის წევრი არღვევს ამ წესდებას.
5.14.2. თუ ორგანიზაციის წევრი თავისი მოქმედებებით ხელს უშლის ორგანიზაციას მისი მიზნების და საქმიანობის განხორციელებას.
5.14.3. თუ ორგანიზაციის წევრი არ ასრულებს თავის საქმიანობას ამ წესდებით გათვალისწინებული სახით.
5.15. ორგანიზაციის წევრებს აქვთ უფლება:
5.15.1. მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობის საკითხებში, ორგანიზაციის საერთო ფორუმის შემადგენლობაში.
5.15.2. მიიღონ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ამ წესდებით დადგენილი წესით.
5.15.3. მათი შეხედულებისამებრ, დატოვონ ორგანიზაციის წევრობა.
5.15.4. მიმართონ ორგანიზაციის მმართველ ორგანოებს (საერთო ფორუმს, სამეურვეო საბჭოს და თავმჯდომარეს) ნებისმიერ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ორგანიზაციის საქმიანობასთან.
5.15.5. ორგანიზაციის წევრთა საერთო ფორუმზე წინადადების წარდგენა.
5.15.6. საკუთრების გადაცემა ორგანიზაციის საკუთრებაში.
5.16. ორგანიზაციის წევრები ვალდებული არიან:
5.16.1. შეასრულონ და დაიცვან ამ წესდების დებულებები.
5.16.2. მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში.
5.16.3. მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 6
[edit]ორგანიზაციის მმართველი ორგანოები
[edit]6.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მმართველი ორგანოებია:
6.1.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრთა საერთო ფორუმი“ (შემდგომში „საერთო ფორუმი“).
6.1.2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო“ (შემდგომში „სამეურვეო საბჭო“).
მუხლი 7
[edit]საერთო ფორუმი
[edit]7.1. ორგანიზაციის ძირითადი მმართველი ორგანოა საერთო ფორუმი, რომლის წევრები ორგანიზაციაში რეგისტრირებული ყველა წევრია და რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.
7.2. ორგანიზაციის საერთო ფორუმის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შედის:
7.2.1. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და მათი დამტკიცება (მათ შორის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება და არსებულ რედაქციაში დამატებების დამტკიცება).
7.2.2. ორგანიზაციის მმართველი ორგანოების ფორმირება, მათი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (ეხება მხოლოდ ორგანიზაციის სამეურვეოს საბჭოს ვადიან წევრებს).
7.2.3. გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის რეორგანიზაციის შესახებ.
7.2.4. გადაწყვეტილება მიღება ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
7.3. ორგანიზაციის საერთო ფორუმის გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით. აგრეთვე, ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია:
ა) 7.2.1. მუხლში გათვალისწინებულ საკითხებზე — კვალიფიციური უმრავლესობით (საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა რაოდენობის 3/4 ხმით).
ბ) 7.2.3. და 7.2.4. მუხლში გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საერთო ფორუმის დამსწრე წევრების მიერ ერთხმად.
გ) საერთო ფორუმის სხვა გადაწყვეტილებები მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით (საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა რაოდენობის 1/2 ხმით).
7.4. რიგგარეშე საერთო ფორუმი შეიძლება მოწვეულ იქნას – საერთო ფორუმის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით ან სამეურვეო საბჭოს ინიციატივით.
7.5. ფორუმის მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით, მოკლეტექსტური შეტყობინებით, ელ-ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით და უნდა იყოს ჩანაწერი ვიკიმედიის ოფიციალურ ბლოგზე, ფორუმამდე ერთი კვირით ადრე მაინც, დღის წესრიგისა და კრების ადგილის მითითებით.
7.6. საერთო ფორუმი უფლებამოსილია თუ მას ესწრება ორგანიზაციის წევრთა 1/2.
მუხლი 8
[edit]ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო
[edit]8.1. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას.
8.2. სამეურვეო საბჭო შედგება მუდმივი 5 წევრისაგან და ორი წლით არჩეული 3 წევრისაგან.
8.3. მუდმივი წევრები არიან ორგანიზაციის დამფუძნებლები და ასევე ის პირები, რომელთაც მოქმედი მუდმივი წევრების გადაწყვეტილებით (მუდმივი წევრების უმრავლესობის ხმებით 50%+1) მიენიჭათ მუდმივი წევრის სტატუსი.
8.4. თუ ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს მუდმივმა წევრმა დატოვა სამეურვეო საბჭო და/ან ორგანიზაცია, მას უწყდება სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და ხელახლად მისი სამეურვეო საბჭოს მუდმივ წევრად არჩევა შესაძლებელია მოქმედი მუდმივი წევრების გადაწყვეტილებით (მუდმივი წევრების უმრავლესობის ხმებით 50%+1), სხვა შემთხვევებში ის შეიძლება არჩეული იყოს, როგორც სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრი, 2 წლის ვადით.
8.5. სამეურვეო საბჭო არჩეული წევრები საერთო ფორუმის მიერ, 2 წლის ვადით აირჩევიან ფორუმის გადაწყვეტილების საფუძველზე. მათი არჩევა ხდება ამ წესდებით გათვალისწინებული საერთო ფორუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის მიხედვით (7.3., 7.6.).
8.6. სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარე, რომელსაც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, სამეურვეო საბჭოს წევრებიდან ირჩევენ 3 წლის ვადით (გადაწყვეტილება მიიღება სრული წევრთა ხმების 50%+1).
8.7. ორგანიზაციის თავჯმდომარე, პარალელურად არის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც და წევრიც.
8.8. სამეურვეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით. სამეურვეო საბჭოს იკრიბება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის საკუთარი ინიციატივით ან სამეურვეო საბჭოს წევრთა სულ ცოტა ერთი მესამედის მოთხოვნით.
8.9. სამეურვეო საბჭოს დისტანციური (ინტერნეტ) კონფერენცია ტარდება თვეში ერთხელ. თარიღსა და ზუსტ დროს წევრები წინასწარ ადგენენ კოლეგიალურად.
8.10. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი (50%+1). სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. თუ კონსენსუსი არ შედგა, ტარდება კენჭისყრა. კენჭისყრის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით (50%+1). კენჭისყრაში ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის აზრს.
8.11. სამეურვეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
8.11.1. ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა.
8.11.2. ხარჯთაღიცხვისა და ბალანსის დამტკიცება.
8.11.3. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გეგმების, ბიუჯეტებისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცება.
8.11.4. საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების შექმნა და მათი კოორდინატორის არჩევა, აგრეთვე მათი გათავისუფლება.
8.11.5. სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და დამტკიცებულ პირთა ანგარიშების მოსმენა.
8.11.6. ორგანიზაციის წევრის მიღება.
8.11.7. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის ფორუმზე წარდგენა დასამტკიცებლად.
8.11.8. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომრის არჩევა 3 წლის ვადით.
8.11.9. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომრის გადაყენება (სამეურვეო საბჭოს სრული წევრთა ხმების უმრავლესობით 3/4).
8.11.10. ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა.
8.11.11. საწევრო შენატანის ზომის განსაზღვრა.
8.11.12. მონაწილეობა სხვა ორგანიზაციებში.
8.11.13. ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე, კონფერენციებსა და სხვა სახის შეხვედრებზე წარმომადგენლის არჩევა.
8.11.14. სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება ფორუმისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.
8.12. საერთო ფორუმის მიერ სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების არჩევამდე, სამეურვეო საბჭოს წევრები არიან მხოლოდ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები (იგივე სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრები).
მუხლი 9
[edit]ორგანიზაციის თავმჯდომარე
[edit]9.1. ორგანიზაციის ერთპიროვნული წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ორგანიზაციის თავმჯდომარეს (შემდგომში „თავმჯდომარე“), რომელსაც ამ წესდებით დადგენილი წესით ირჩევს სამეურვეო საბჭო.
9.2. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია სამეურვეო საბჭოს წინაშე.
9.3. თავმჯდომარე:
9.3.1. მოქმედებს ორგანიზაციის სახელით, წარმოადგენს მას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ, ყველა ინსტანციასა და ორგანოში. ორგანიზაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს.
9.3.2. ორგანიზაციის სახელით, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას.
9.3.3. განაგებს ორგანიზაციის ფულადი სახსრებით.
9.3.4. აძლევს უფლებამოსილებას შესაბამის პირს, ორგანიზაციის სამართლებრივი და ფაქტობრივი ქმედების განხორციელებისათვის.
9.3.5. აქვს უფლება ორგანიზაციის სახელით გახსნას ყველა სახის საბანკო ანგარიშები.
9.3.6. გასცემს ბრძანებებს და დირექტივებს, აძლევს ინსტრუქციებს ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.
9.3.7. იღებს და ათავისუფლებს სამსახურიდან ორგანიზაციის თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათი შრომის ანაზღაურების ზომას, პირობებსა და საათობრივ დატვირთვას.
9.3.8. ფორუმს დასამტკიცებლად წარუდგენს კავშირის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გეგმებსა და მიზნობრივ პროგრამებს, წლიური საქმიანობის ანგარიშს.
9.3.9. ხელმძღვანელობს პროგრამებისა და პროექტების შედგენას და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას.
9.3.10. ნიშნავს ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების ხელმძღვანელებს, სამეურვეო საბჭოს თანხმობით.
9.3.11. ნიშნავს კოორდინატორს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს.
9.3.12. უზრუნველყოფს საერთო ფორუმისა და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებას, ანაწილებს ფუნქციებს სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის.
9.3.13. უზრუნველყოფს ორგანიზაციის საფინანსო საქმიანობის კანონიერებას.
9.3.14. მოითხოვს ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ.
9.3.15. ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
9.4. თავმჯდომარის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე სხდომას, რომელიც აირჩევს ახალ თავმჯდომარეს.
მუხლი 10
[edit]ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და მისი ძალაში შესვლა
[edit]10.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
10.2. ორგანიზაციის წესდებაში შეტანილი ცვლილებები (მათ შორის ორგანიზაციის წესდებაში დამატებების შეტანის ჩათვლით) ძალაში შედის სახელმწიფო ორგანოში შესაბამისი ცვლილებების (ახალი რედაქციის ჩათვლით) რეგისტრაციის მომენტიდან, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადით.
10.3. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა (ორგანიზაციის წესდებაში დამატებების შეტანის ჩათვლით) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ცვლილებები მიიღო (ახალი რედაქციის ჩათვლით) ორგანიზაციის საერთო ფორუმის წევრებმა კვალიფიციური უმრავლესობით (საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა რაოდენობის 3/4 ხმით). ამავე წესდების „7.3.“ მუხლის „ა“ ქვე- მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11
[edit]ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი
[edit]11.1. ორგანიზაცია ახორციელებს საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ორგანიზაცია აწვდის თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკისა და საგადასახადო ორგანოებს, ასევე ორგანიზაციის წევრებსა და სხვა პირებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2. ორგანიზაციის წევრთა საერთო ფორუმის გადაწყვეტილებით (საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა რაოდენობის 3/4 ხმით), შეიძლება განხორციელდეს ორგანიზაციის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, აუდიტორის (მოქალაქის ან აუდიტის ორგანიზაციის) მიერ, ვისთანაც ორგანიზაცია წანასწარ დადებს შესაბამის ხელშეკრულებას.
11.3. ორგანიზაციის შემოსავლის ზომა და სტრუქტურა, ასევე ორგანიზაციის საკუთრების მოცულობის, მისი ხარჯების, თანამშრომლების რაოდენობის და შემადგენლობის, მათი ანაზღაურების და ორგანიზაციის საქმიანობაში მოქალაქეების უსასყიდლო შრომის შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და არის საჯარო.
11.4. „11.3.“ მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი დოკუმენტი, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვა ოფიციალური დოკუმენტები, ექვემდებარება სავალდებულო გამოქვეყნებას ინტერნეტში, ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდზე. ამავდროულად, შეიძლება გასაიდუმლდეს სახელები, პირადობის (საპასპორტო) დეტალები, ანგარიშები, ხელმოწერები, ბეჭდები და სხვა მონაცემები და დეტალები, რომლებიც წარმოადგენს სავაჭრო საიდუმლოებას ან მოქალაქეთა პირად მონაცემებს.
მუხლი 12
[edit]ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა
[edit]12.1. ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:
12.1.1. ორგანიზაციის წევრთა მიერ, საერთო ფორუმის გადაწყვეტილებით (საერთო ფორუმის წევრთა სრული შემადგენლობის ხმების 80%).
12.1.2. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.
12.1.3. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
12.2.4. ლიკვიდაციას ახორციელებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო.
12.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
12.4. გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
12.5. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ, დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 13
[edit]დასკვნითი დებულებები
[edit]13.1. ორგანიზაციის სამუშაო ენა არის ქართული ენა.
13.2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
13.3. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო | |
გადაწყვეტილება #B19083701/6 რეგისტრაციის შესახებ 13/08/2019 17:21:36 | |
რეგისტრაციის შედეგად ორგანიზაციას მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი: 400272110 |